პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმი „კოვიდ-19 საქართველოს 2021 წლის რეალობაში“ დასრულდა. ორდღიანი კონფერენცია „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა, სადაც მეცნიერებმა, პანელური დიალოგის ფორმატში, კოვიდ-19-ის პანდემია სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში განიხილეს, ისაუბრეს გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.

ეროვნულ სამეცნიერო ფორუმზე ჯანდაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი, განათლებისა და ფსიქოლოგიური მეცნიერებების, პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის მიმართულების ცნობილ და ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება ჰქონდათ, ისტორიულ ჭრილში განეხილათ ბოლო პერიოდის მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა – კოვიდპანდემია, ერთმანეთისთვის დაგროვილი გამოცდილება გაეზიარებინათ და შემდგომ ნაბიჯებზე ემსჯელათ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტერდისციპლინური ხასიათის ეროვნული სამეცნიერო ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, ეს არის დასაწყისი ტრადიციისა, როდესაც ყოველი წლის ბოლოს ეროვნული სამეცნიერო ფორუმი გამოეხმაურება ქვეყნის შიგნით არსებულ აქტუალურ საკითხებს.