საინტერესო აღმოჩნდა დასაქმების კვირეულის ბოლო დღე ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებისათვის. 19 ნოემბერს კვირეულის სტუმარი იყო თამარ ექვთიმიშვილი – Holiday Factory -ის პროდუქტისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერი. შეხვედრის პირველ ნაწილში ყურადრება გამახვილდა შპს „ჰოლიდეი ფაქტორი“-ს საქმიანობის თავისებურებებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე, ხოლო მეორე ნაწილი დაეთმო სტუდენტებისათვის აქტიური ვაკანსიების გაცნობასა და შეთავაზებას.

დასაქმების კვირეულის ბოლო სტუმარი იყო ბაჩანა კაკიშვილი – TBC – თიბისი საცალო არხის გაყიდვების ჯგუფის უფროსი, რომელმაც ისაუბრა კლიენტის მოზიდვისა და მათთვის პროდუქტის შეთავაზების თავისებურებებზე, დაზღვევის მნიშვნელობასა და სადაზღვევო აგენტის საქმიანობის სპეციფიკაზე. შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სტუდენტებს შესთავაზა თიბისი ბანკში სტაჟირება და დასაქმება სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

P.S. დასაქმების კვირეულის ფარგლებში ნიუუნის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მათთვის საინტერესო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გასაუბრების, იმ უნარ-ჩვევების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების, აგრეთვე საკუთარი CV-ს გაგზავნისა და დასაქმებისა თუ სტაჟირების შესაძლებლობა მიეცათ, რომელშიც, სამომავლოდ, დასაქმების სურვილი აქვთ.

დასაქმების კვირეული, რომლის ორგანიზატორიცაა სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ონლაინ ფორმატში, Zoom აპლიკაციით ჩატარდა.