საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს:

„ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მიღების მსურველმა, 2018 წლის 1 დეკემბრამდე, საჯარო სამსახურის ბიუროს ელ-ფოსტაზე: info@csb.gov.ge უნდა გამოაგზავნოს ნაშრომი (წერილის დასახელებაში მიუთითეთ: ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის), რომლის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს თავისი ორიგინალური იდეა საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5) და არ უნდა იყოს PDF ფორმატში. ნაშრომის ბოლოს მიუთითეთ: თქვენი სახელი და გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ფაკულტეტი, მიმართულება/დეპარტამენტი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტა.
ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  •  კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება;
  • საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმის შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • შემოთავაზებული იდეის აქტუალურობა;
  • შემოთავაზებული იდეის რეალისტურობა;
  • ლოგიკური მსჯელობა;
  • ნაშრომის სტრუქტურა;
  • აკადემიური წერის სტანდარტი.

ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სფეროში მოღვაწე სპეციალისტებით.

ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა არის 1 დეკემბერი.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო იდეის ავტორი დაჯილდოვდება და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2018 წლის 19 დეკემბერს.