კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისათვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ 22 სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდა. ვაკანტურ პოზიციათა ჯამური ოდენობა 252-ია, საიდანაც 105 სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვაკანსიებია.

სტაჟირების ხანგრძლივობა კონკრეტული პოზიციებისთვის განსაზღვრულია 1 თვიდან 1 წლამდე ვადით. სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორი დამადასტურებელ ცნობას მიიღებს.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკიც არ აღემატება 25 წელს, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურისთვის ან სსიპ-ის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც მან უნდა გაიაროს სტაჟირება, ან იგი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.

წარმატებული სტაჟიორები 2023 წლის იანვრიდან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში.

კონკურსის ფარგლებში, სამინისტროს აპარატში ცხადდება 12 ანაზღაურებადი და 10 არაანაზღაურებადი ვაკანსია, ხოლო სამინისტროს ორგანიზაციებში ჯამურად 114 ანაზღაურებადი ვაკანსია, ანაზღაურების გარეშე კი – 116.

სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში.