განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით  გაიმართა.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრები გამართეს სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. სხვა უნივერსიტეტებთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის რექტორი, პროფ. თამარ გარდაფხაძე და ნიუუნის პროფესორი, სოფიო მორალიშვილი.

NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით.