ამა წლის 4 სექტემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრა აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განმტკიცება, ანტიპლაგიატის ელექტრონული სისტემის ეფექტიანი გამოყენება სასწავლო–კვლევით პროცესში და დაწესებულების ეთიკის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტების იმპლემენტაცია.
შეხვედრას უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თანამედროვე უმაღლეს განათლებაში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა წარმოადგენს სასწავლებლის ავტორიტეტის, სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის ფუნდამენტურ პირობას.
შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები:
- ანტიპლაგიატის სისტემის ადმინისტრირება და გამოყენების მეთოდოლოგია: შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის ტექნიკური და შინაარსობრივი ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პერსონალის მიერ სტუდენტური და სამეცნიერო ნაშრომების სისტემაში სწორად გადამოწმების, მსგავსების ინდექსის ადეკვატური შეფასებისა და გენერირებული ანგარიშების (რეპორტების) ანალიზის წესებზე.
- ეთიკის კოდექსი და პროფესიული სტანდარტები: შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს ნიუუნის ეთიკის კოდექსით რეგულირებადი ნორმები. ყურადღება გამახვილდა აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმებზე, სამუშაო და სასწავლო გარემოში აკადემიური თავისუფლებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების უზრუნველყოფაზე.
- პლაგიატის პრევენცია და აკადემიური მხარდაჭერა: საუბარი შეეხო პლაგიატთან ბრძოლის პრევენციის გზებს. აღინიშნა, რომ პერსონალის ამოცანაა არა მხოლოდ დარღვევების გამოვლენა, არამედ აკადემიური წერისა და წყაროების მითითების სწორი კულტურის სრულყოფა. შეხვედრაზე დაიგეგმა პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტთა კონსულტირებასა და სწავლებას ნაშრომების მომზადების საწყის ეტაპზევე.
- აკადემიური კეთილსინდისიერების მონიტორინგი და რეაგირების მექანიზმები: განხილულ იქნა პროცედურული საკითხები – თუ როგორ ხდება რეაგირება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის (პლაგიატი, მონაცემთა ფალსიფიკაცია და ა.შ.) შესაძლო შემთხვევებზე ეთიკის კოდექსისა და შიდამარეგულირებელი აქტების შესაბამისად.
შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკულ მაგალითებზე, გაზიარდა რეკომენდაციები სასწავლო პროცესის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებთან ეფექტიანი თანამშრომლობის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ნიუუნიში მაღალი აკადემიური სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებასა და განვითარებას.

კომენტარები