2022 წლის 19-21 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის 23-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. 2022 წლის კონფერენცია ეძღვნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.

ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა. თემატიკა, ტრადიციულად, ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია და ა.შ საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებებს.

კონფერენციის ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას.

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://forms.gle/rXEgH1A289cHKUi77

მნიშვნელოვანი თარიღები

განაცხადის წარდგენის ბოლო დღე: 10 აპრილის ჩათვლით

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 19-21 მაისი

კონფერენციის ჩატარების ფორმატი დაზუსტდება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2022 წლის 5 მაისისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: geoamstud.conference@tsu.ge