გამოცდილების მისაღებად საჭიროა გქონდეს გარკვეული გამოცდილება – ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტებიდან სამუშაო ძალაში გადაინაცვლებენ. დამსაქმებლები, პირველ რიგში რეზიუმეს უყურებენ, რომელიც კანდიდატის სამუშაო გამოცდილებას, მის უნარ-ჩვევებს ასახავს. ახალ კურსდამთავრებულს კი ეს გამოცდილება ჯერ არ აქვს.

სამუშაო ბაზარზე შესვლისას სტუდენტები და ახალ კურსდამთავრებულები სწორედ ამ სირთულეებს აწყდებიან. თუმცა, ზოგჯერ საკმარისია ერთი შანსი, იმისათვის, რომ მთლიანად შეცვალო და დაგეგმო შენი სამომავლო კარიერა.

პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად სტაჟირება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. სტაჟირება უზრუნველყოფს არა მარტო სამუშაო გამოცდილების შეძენას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც წარმოადგენს. გარდა ამისა, სტაჟირება იძლევა შესაძლებლობას განივითარო სხვადასხვა უნარ-ჩვევები, როგორიცაა დროის მართვა, ორგანიზება, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა. ამავდროულად ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომელიც დასაქმებულს აკავშირებს ინდუსტრიის პროფესიონალებთან, რაც მის სამომავლო საქმიანობის წარმატებით გაგრძელებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

სწორედ დამამთავრებელი კურსის სტუდენტების და ახალ კურსდამთავრებულების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა IT დეპარტამენტში ხარისხის კონტროლისა და ოპერაციების მიმართულებით სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

შერჩეული კანდიდატები 1 თვის განმავლობაში გაივლიან პროფილურ ტრენინგებს, შემდეგ 6 თვის განმავლობაში კი პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთვებიან. სტაჟირება ორივე ეტაპზე ანაზღაურებადია. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და გამოიმუშავონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარები. ასევე, პროფესიონალ გუნდთან ერთად ჩაერთონ რეალურ სამუშაო პროცესში და დაიწყონ კარიერა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;

სტაჟირების პროგრამა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარი უნარები და განვითარდნენ შესაბამისი მიმართულებით. ასევე, იმუშაონ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მოქნილი სისტემის – Agile-ის პრინციპით.

რაც მთავარია, პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს საქართველოს ბანკში დასაქმების რეალური პერსპექტივა აქვთ.

რას გულისხმობს სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში?

  • პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლის მიმართულებით სტაჟირება მოიცავს – ტესტირების დაგეგმვას, ტესტ-ქეისების შემუშავებას, სატესტო მონაცემების მომზადებას;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზების იდენტიფიცირებას, დოკუმენტირებასა და მონიტორინგს.

IT ოპერაციების მიმართულება კი საბანკო სისტემებისა და სერვისების/პროდუქტების დისტანციურ მხარდაჭერას გულისხმობს. სამუშაო პროცესი მოიცავს ბანკის IT სისტემების მუდმივ მონიტორინგს; მხარდაჭერის სამსახურში დაფიქსირებულ მოთხოვნებზე/ინციდენტებზე დროულ რეაგირებასა და მათ შესრულებაზე ზრუნვას.

სტაჟირების პროგრამა ანაზღაურებადია როგორც სამუშაო პროცესის, ასევე ტრენინგების განმავლობაში.

პროგრამის ძირითადი მოთხოვნებია:

  • გამორჩეული ანალიტიკური უნარები;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმების ინტერესი

კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი / ახალი კურსდამთავრებული/ მაგისტრატურის სტუდენტი ან ჰქონდეს პროფესიული განათლება შემდეგი მიმართულებებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები, გამოყენებითი მეცნიერებები და სხვა დაკავშირებული დარგები.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება პროგრამის მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტაჟირების პროგრამის მონაწილე, უნდა ეწვიოთ ბმულს და შეავსოთ განაცხადი 12 ოქტომბრის ჩათვლით