HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია, დარეგისტრირდით და მობრძანდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.
თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დაუსვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.
კომპანიების გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება, რომელიც თავის პროგრამებს გაგაცნობთ.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას