მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნიში პირველკურსელ სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის საკითხებს დაეთმო.
შეხვედრას უძღვებოდა ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.
პრეზენტაციის ფარგლებში პირველკურსელებს დეტალურად განემარტათ აკადემიური კეთილსინდისიერების არსი, სტუდენტის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტები და ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძველია ნიუუნიში ხარისხიანი სასწავლო და კვლევითი გარემოს ჩამოყალიბებისა.
შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები:
- აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობა: რატომ არის აუცილებელი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა სტუდენტის პროფესიული იდენტობისა და ავტორიტეტის ჩამოყალიბების პროცესში;
- პლაგიატის არსი და მისი ფორმები: რა ითვლება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევად, პლაგიატად და როგორ უნდა აირიდონ სტუდენტებმა თავიდან სხვისი იდეებისა თუ ტექსტების არასათანადო გამოყენება;
- წყაროების მითითება და ციტირების სტანდარტები: აკადემიური წერის ძირითადი წესები, ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის სწორად გაფორმების მეთოდოლოგია;
- ანტიპლაგიატის სისტემის გამოყენება: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოწმდება სტუდენტური ნაშრომები ელექტრონულ ანტიპლაგიატის სისტემაში და რა მექანიზმები მოქმედებს ნიუუნიში აკადემიური სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. პირველკურსელებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები სასწავლო ნაშრომების მომზადების, წყაროებთან მუშაობისა და ანტიპლაგიატის პროგრამით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ნიუუნი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას აკადემიური წიგნიერების ამაღლებისა და მაღალი აკადემიური სტანდარტების დამკვიდრების გზაზე.


კომენტარები