2020 წლის 20 ოქტომბერს ფლორენციის ყოველწლიური კონფერენციის ,, ტურიზმი საზღვრების გარეშე – 2020“ მუშაობაში მონაწილეობდა 81 ქვეყნის წარმომადგენელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციებიდან, ტურისტული კომპანიებიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის იყვნენ  ახალი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები – რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნანა ციხისთვი.

ონლაინ-კონფერენციის მუშაობა გახსნა რომუალდო დელ ბიანკოს პრეზიდენტმა პაბლო დელ ბიანკომ, რომელიც შეეხო ფონდის მუშაობას, მის სპეციფიკას, ტურიზმის როლის ზრდას მთელ მსოფლიოში, ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან და ცალკეულ ინსტიტუციებთან და სხვა. პაბლო დელ ბიანკომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალ უმაღლესი სასწავლებელს, როგორც ერთ-ერთ ახალ და უმთავრეს პარტნიორს, დადებით კონტექსტში მოიხსენია ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, წარმატებები უსურვა მათ  ფონდის ტურიზმის მოძრაობაში ჩართვასთან დაკავშირებით.

პაბლო დელ ბიანკომ და სხვა მომხსენებლებმა/გამომსვლელებმა – ფონდის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა მიმოიხილეს დელ ბიანკოს ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება – კონფერენციის მასალების სამტომეულის ინტერნეტ-გამოცემა და მასში შესული საინტერესო საკითხები. სწორედ ზემოაღნიშნულ სამტომეულშია შესული ახალი უმალესი სასწავლებლის რექტორის, პროფ. თამარ გარდაფხაძისა და აფილირებული პროფესორის ნოდარ გრძელიშვილის ნაშრომი საქართველოში რელიგიური ტურიზმის  განვითარების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთობების გაღრმავება პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალ პროექტებზე მუშაობა, სტუდენტებისათვის სპეციალური ტრენინგების მომზადება/შეთავაზება და ახალი კონფერენციისათვის მზადება.

ცნობილი გარემოებების გამო, მართალია, კონფერენცია  ინტერნეტ სივრცეში მიმდინარეობდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია კომუნიკაციისათვის და სიახლეების გაზიარებისათვის.