საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფ. ნანა ციხისთავმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში 2023 წლის 6-7 მარტს ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.

ნუნუ მიცკევიჩმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრებისა და დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შრომის ბაზართან, ინდუსტრიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა წაახალისებს კვლევისა და ინოვაციის კლასტერების შექმნასა და უნივერსიტეტ-ინდუსტრიის თანამშრომლობის განვითარებას.

კონფერენციაზე ქართულმა უნივერსიტეტებმა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული უნივერსიტეტების „მესამე მისიის‘‘ სტრატეგიული განვითარების ხედვა და გეგმები წარადგინეს. თავის მხრივ, ევროპელმა კოლეგებმა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ფინეთიდან მონაწილეებს უნივერსიტეტის „მესამე მისიის‘‘ გაძლიერების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა არა მხოლოდ პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებს, არამედ საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰქონდა.