მიმდინარე წლის 18–19 თებერვალს, ინსტიტუტმა ტექინფორმმა, როგორც პროექტის კოორდინატორმა ორგანიზაციამ, ორ დღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიება გახსნეს ინსტიტუტ ტექინფორმის დირექციის წარმომადგენლებმა – პროფ. მარიამ რაზმაძემ და პროფ. ნელი მახვილაძემ, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. კარლო კოპალიანმა და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხუთი ქართველი პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორებმა და ორი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტის მმართველი რგოლის წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და საქართველოს მასშტაბით 30 ზე მეტმა მონაწილემ.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კონსორციუმის წევრებმა ინსტიტუტ ტექინფორმის ხელმძღვანელობით განიხილეს პროექტის მიზნები, სამომავლო საქმიანობა და წარმოადგინეს მეცნიერებათმზომელობის სასწავლო კურსის სამუშაო ვერსიები.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში ERIC-GE პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვას, მეცნიერების მენეჯმენტში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას და მათ ინტეგრირებას სასწავლო სამეცნიერო პროცესებში.
პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის წევრები – სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი, ხუთი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ორი უცხოური უნივერსიტეტი (პალერმოს უნივერსიტეტი და ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტი) – იმუშავებენ მეცნიერებათმზომელობის კურსის შემუშავებაზე და პროფესორ მასწავლებლებისთვის პროფესიული ტრენინგ მოდულების შექმნა დანერგვაზე.
სასწავლო კურსი და ტრენინგ მოდულები ხელმისაწვდომი გახდება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის და პროფესორ მასწავლებლებისთვის.
პროექტში პარტნიორი უნივერსიტეტების სახით წარმოდგენილნი არიან:
1. ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტი (კვიპროსი)
2. პალერმოს უნივერსიტეტი (იტალია)
3. ახალი უმაღლესი სასწავლებელი (საქართველო)
4. ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (საქართველო)
5. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო)
6. სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
7. უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ (საქართველო)
პროექტის ფარგლებში, ინსტიტუტ ტექინფორმის ხელმძღვანელობით, ქართული უნივერსიტეტები გაიზიარებენ მეცნიერებათმზომელობის ევროპულ გამოცდილებას, შეისწავლიან მეცნიერების თანამედროვე შეფასების ინსტრუმენტებსა და მეთოდებს და დანერგავენ მათ სასწავლო კვლევით საქმიანობაში.
შეგახსენებთ, რომ ინსტიტუტი ტექინფორმი იმ სამ ინსტიტუციას შორისაა, რომელმაც 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში კოორდინატორის სტატუსით გაიმარჯვა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს პროექტს – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC GE).