ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში XIII საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია იმართება. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს, აერთიანებს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და მკვლევრებს.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნიუუნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსმა, პროფესორმა გულნარა იმედაშვილმა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე სეხნიაშვილმა.
საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო პოტენციალის რეალიზაციის, აკადემიური დისკუსიების წახალისებისა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. წარმოდგენილი ნაშრომების მრავალფეროვნება და აქტუალურობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას ნიუუნისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.